Monday, October 3, 2016

კორუფცია






კორუფცია
კორუფცია არის საჯარო ხელისუფლების ბოროტად გამოყენება პირადი ან ჯგუფური გამორჩენის მიზნით. გაეროს-ს გენერალური ასამბლეის 1979 წლის 17 დეკემბერის 34-ე სესიის ფორმულირების მიხედვით „კორუფცია არის ნებისმიერი ფორმის საზღაურის სანაცვლოდ, საზღაურის გამღების ინტერესებიდან გამომდინარე, თანამდებობის პირის მიერ, მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების სფეროში, გარკვეული მოქმოდების შესრულება ან უმოქმედობა“.
            კორუფციის სახეები და მოდელები.  კორუფციის ორი ძირითადი სახეა ცნობილი: მცირე ანუ  მასობრივი და ელიტური. მცირე ანუ მასობრივია კორუფცია „გადარჩენის მიზნით“, რომელსაც მისდევენ სამოქალაქო მომსახურენი აშკარად დაბალი ხელფასით და რომლებიც იმ მცირე შემოსავლით ცხოვრობენ, რასაც საზოგადოებისაგან იღებენ. ამის საფუძველს წარმოადგენს ოჯახის გამოკვების, შვილების სკოლაში სწავლის, მკურნალობის საფასურის გადახდის აუცილებლობა. მასობრივი კორუფცია ძირითადად მოიცავს მოქალაქეთა ყოველდღიურ ურთიერთობას ხელისუფლების წარმომადგენლებთან - მაგ: საგადასახადო, საბაჟო, მარეგისტრირებელ, სალიცენზიო და სხვ. სახელმწიფო სტრუქტურებთან. ის გულისხმობს საშუალო და დაბალი რანგის მოხელეების მიერ მატერიალური რესურსების უშუალო გამოძალვას მოსახლეობისაგან. ელიტარული კორუფცია არსებობს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, ჩვეულებრივ ის დაკავშირებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებსა თუ მატერიალური სიკეთეების მითვისებასთან.
            კორუფციას ღრმად აქვს ფესვები გამჯდარი როგორც განვითარებული, ასევვე მეტად გავნითარებადი ქვეყნების სახელისუფლებო სტრუქტურებში.
            შესაბამისად გამოყოფენ კორუფციის 3 მოდელს (რ. ალემანის განსაზღვრება):
            ა) შავი მოდელი (პოსტინდუსტრიულ ქვეყნებში გავრცელებული საკანონმდებლო ნორმებზე ფარული ძალადობა)
            ბ)  თეთრი მოდელი  (ტოტალიტარულ ქვეყნებში, პატრონ-კლიენტური სისტემისათვის დამახასიათებელი საზოგადოების აშკარა იძულება)
            გ) ნაცრისფერი მოდელი  (გავრცელებულია კონსტიტუციური და გარდამავალი პერიოდის ქვეყნებში - მაგ: საქართველო და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, და ემყარება ამ ბოროტებისადმი საზოგადოების შეგუების გრძნობას)
            კორუფციის მასშტაბი განსაკუთრებით დიდია განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო ინსტიტუტებში. თუ განვითარებულ ქვეყნებში კორუფცია გაიაზრება, როგორც თამაშის წესებზე ძალადობა, განვითარებად და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში იგი თავად წარმოადგენს თამაშის წესს და მას სისტემური ხასიათი აქვს. ამასთანავე, განვითარებად ქვეყნებში კორუფციაში ბრალდებულნი ყოველთვის ადგილობრივი მოქალაქენი არ არიან. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ზოგიერთი გავნითარებული  ქვეყანა არაერთხელ ჩართულა განვითარებადი სამყაროს პოლიტიკურ პროცესებში, ისინი ხელს უმართავდნენ და ხშირად ხელისუფლებაში მოჰყავდათ კორუმპირებული ლიდერები. მრავალი მდიდარი და განვითარებული ქვეყანა ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას აწარმოებდა საგარეო ურთიერთობაში, ხელს უწყობდა დემოკრატიას შინ და ავტოკრატიას (ან დიქტატურას) უცხოეთში.
            ეს ორმაგი სტადარტები ასევე გამოიხატა დასავლეთის მიერ განვითარებად ქვეყნებში განვითარებული ქვეყნების მექრთამეობის საწინააღმდეგო კანონების იგნორირებაში. მაგ: გერმანიის კანონმდებლობა მკაცრად სჯიდა კორუფციის ნებისმიერ გამოვლენას გერმანიის ტერიტორიაზე, მაგრამ დაუსჯელს ტოვებდა გერმანული ფირმების ანალოგიურ საქმიანობას განვითარებად ქვეყნებში. ასეთი მოქმედებანი ახალ დემოკრატიებში ხელს უშლის დემოკრატიულ ფასეულობათა დამკვიდრებას. დასავლეთის ე.წ. ჰუმანიტარული დახმარებაც, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, ხშირად ნიშნავს არა კონკრეტული, გასაჭირში მყოფი ადამიანების დახმარებას, არამედ მოსყიდვის საშუალებით „მეგობრების“ გაჩენას მესამე სამყაროს ქვეყნებში. მაგრამ ასეთი პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, თვით დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკას აზიანებს. აშშ-ის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, კორუფციის მიზეზით ამერიკულმა ფირმებმა 1994-1996 წლებში საერთაშორისო კონტრაქტის დადებისა და შესრულების პროცესში დაახლოებით 11 მილიარდი დოლარით იზარალეს. კორუფციის მაშტაბები განსაკუთრებით გაიზარდა მთელს მსოფლიოში „ცივი ომის“ დამთავრების შმდეგ. კორუფცია განსაკუთრებით იზრდება მაშინაც, როდესაც ქვეყანა გარდამავალ, მოდერნიზაციის პერიოდშია.


კორუფციის მიზეზები პოსტკომუნისტურ ქვეყნებში:
-         ტოტალიტარული მემკვიდრეობის სიძნელეთა გადალახვა;
-         პოლიტიკური არასტაბილურობა და ეკონომიკური დაცემა, კრიზისი;
-         კანონმდებლობის არასრულყოფილება და განუვითარებლობა, კანონთა წინააღმდეგობრივი ხასიათი;
-         სახელმწიფო სტრუქტურების არაეფექტურობა;
-         სამოქალაქო საზოგადოების სისუსტე და მისი მოწყვეტა ხელისუფლებისაგან;
-         დემოკრატიული პოლიტიკური ტრადიციების უქონლობა.
რა ზიანი მოაქვს კორუფციას.  კორუფცია საზიანოა ნებისმიერ, თუნდაც უმაღლესად განვითარებული ქვეყნებისათვის, მით უმეტეს მომაკვდინებელია ისეთი განვითარებადი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა. რა ზიანი მოაქვს მას?
ეკონომიკური შედეგები:
1.      ფართოვდება ჩრდილოვანი ეკონომიკა;
2.      იზრდება საქონლისა და მომსახურების ფასი, სახელმწიფო ვალიც;
3.      ირღვევა ბაზრის კონკურენციის მექანიზმები;
4.      არაეფექტურად გამოიყენება საბიუჯეტო სახსრები;
5.      იწვევს სტანდარტების დაქვეითებას, ვინაიდან ბაზარზე შემოდის მეორეხარისხოვანი საქონელი და ხდება არაშესაბამისი ანდა არასაჭირო, მოძველებული ტექნოლოგიების შეძენა;
6.      იკარგება საბაზრო  აგენტების ნდობა სახელმწიფო სტრუქტურებისადმი;
7.      ფართოვდება კორუფციის მასშტაბები კომერციულ სტრუქტურებში.

სოციალური შედეგები:
1.      ხდება პოლიტიკის მიზნების წანაცვლება საერთოეროვნული განვითარებიდან ოლიგარქიული დაჯგუფებების განვითარებისაკენ;
2.      მცირდება ხელისუფლებისადმი ნდობა;
3.      ეცემა ხელისუფლების პრესტიჟი საერთაშორისო არენაზე, კლებულობს ინვესტიციები:
4.      ხდება პოლიტიკური კონკურენციის პროფანაცია და შემცირება;
5.      იზრდება ახლადჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემის ნგრევის საფრთხე.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ კორუმპირებულ მოღვაწეობას არ შეუძლია მიაღწიოს მიზანს, რომელსაც ისახავს ხელისუფლება (მაგ: კორუფცია თანამდებობაზე დანიშვნის დროს იწვევს არაეფექტურობას და მოაქვს დანაკარგები. უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებზე დეფიციტური ადგილების განაწილებისას კორუფციის შედეგია პროფესიის დაუფლებისას ეფექტურობის დაკნინება და ა.შ.) ვინაიდან კორუფცია თავისთავად წარმოადგენს ორგანიზებულ არასამართლიანობას, იგი აუცილებლად იწვევს სასამართლო პროცესებს და ცილისწამებას, რომლის საშუალებითაც ცდილობენ თვით პატიოსანი ჩინოვნიკის შანტაჟირებასაც.
კორუფცია დანაა ორმხრივი პირით, ის შეიძლება წარმოიქმნას როგორც სიმდიდრისა და კეთილდღეობის, ისე სიღარიბის პირობებში. კორუფცია შეიძლება განვიხილოთ, როგორც სიღარიბის წყარო და არა როგორც მისი შედეგი.

ცნობილია, რომ კორუფციის პრობლემა ძალიან აწუხებდა პეტრე პირველს. მან გამოუშვა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ჩინოვნიკი, რომელიც მოიპარავდა თუნდაც თოკის საფასურს, ამავე თოკითვე ყოფილიყო ჩამოხრჩობილი. მაშინ კანონების მთავარი დამცველი გენერალ პროკურორი იაგუჟინსკი წამოდგა და თქვა: თქვენს დიდებულებას ხომ არ სურს მარტო იმეფოს, ქვეშერდომების გარეშე? ჩვენ ყველა ვიპარავთ, ზოგი უფრო მეტად და შესამჩნევად, ხოლო ზოგი ზომიერად და ნაკლებად.
აი ეს იყო თვითკრიტიკა! სამწუხაროდ დღევანდელ პოლიტიკოსებს ამის გამბედაობა არ ყოფნით (მცირე გამონაკლისის გარდა) მათ ურჩევნიათ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მოატყუონ საზოგადოება ყოველნაირად შენიღბონ თავიანთი ბინძური, უკანონო საქმეები, შექმნან რა საკუთარი პატიოსნების ილუზია.
კაცობრიობის სხვადასხვა მმართველობითი ფორმის ისტორია გვარწმუნებს, რომ სახელმწიფოს პირველი პირი თითქმის ყოველთვის მონდომებულია რათა მისი მმართველობითი პროცესი, პერიოდი იყოს წარმატებული, მაგრამ მმართველობით პროცესში ჩართული ბიუროკრატია და უახლოესი გარემოცვა (ზოგიერთების გამოკლებით) ცდილობს, სახელმწიფოს პირველ პირს მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც მათ აწყობთ და არა რეალურად, ფაქტობრივად არსებული. ამით ისინი ამახინჯებენ მოვლენებს მათ სასარგებლოდ.
კორუფციისათვის  ხელისუფლების მოღვაწეობის ყველაზე ხელსაყრელი  სფეროებია:
-         სახელმწიფო შესყიდვები მაგ: ჯარისა და პოლიციისათვის ტანსაცმლის ან პროდუქტების მომარაგება;
-         პრივატიზაცია;
-         გადასახადების აკრეფა;
-         ხელმძღვანელ პოსტებზე დანიშვნა;
-         ადგილობრივი მმართველობა;
-         არჩევნები;
ანტიკორუფციული სტრატეგიის წარმატება შეუძლებელია ამ პროცესში საზოგადოების ჩართვის გარეშე. კორუფციის შემცირების პროცესი განუყოფლადაა დაკავშირებული არა მარტო მატერიალურ ფაქტორების გადაწყვეტასთან, არამედ შესამაბისი ეთიკური ნორმების დამკვიდრებასთან, მმართველობისა და ადმინისტრირების ამ პრინციპებზე დაფუძნებასთან.
-         სამოქალაქო საზოგადოების განვითარება;
-         ქმედუნარიანი ანტიკორუფციული სამსახური და პოლიტიკური ნება;
-         დემოკრატიული მექანიზმების გამოყენება, მათი ფართოდ დანერგვა;
-         სწრაფი ეკონმიკური ზრდა, ხელფასების მომატება;
-         დაუსჯელობის სინდრომის დაძლევა;
-         სრული გამჭვირვალობა და საჯაროობა;
-         სამეწარმეო გარემოს შემდგომი ლიბერალიზაცია;
-         მკაცრი კონტროლის დამყარება ფისკალურ სფეროში, აღრიცხვასა და სტანდარტიზაცია-სერტიფიცირებაში;
-         სახელმწიფო სახსრების მკაცრი კონტროლი, საბიუჯეტო პროცესის სრულყოფა;
-         სწორი, ობიექტური და უანგარო საკადრო პლიტიკის წარმოება;
-         სახელმწიფო დაკვეთების მქონე უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში მისაღები გამოცდების გამჭვირვალე და სამართლიანი სისტემის შექმნა;
-         საზოგადოების და განსაკუთრებით მესამე სექტორის (თავისუფალი მასმედია და სამოქალაქო საზოგადოება) გააქტიურება კორუფციის დაძლევის საქმეში და ა.შ.
                                     ძირითადი ტერმინები:
1.      კორუფცია (მასობრივი და ელიტური)
2.      კორუფციის 3 მოდელი (შავი, თეთრი, ნაცრისფერი)
3.      ჩრდილოვანი ეკონომიკა
რეზუმე
რაც არ უნდა ვქნათ, როგორც არ უნდა დავხვეწოთ ანტიკორუფციული წსები, კანონები, კორუფციის დამარცხები ერთად-ერთი საშუალება არის დემოკრატიული მართველობის ეფექტურ, პროგრესულ პოლიტიკური სისტემის შემოღება, როგორიცაა პრისიპატერული დემოკრატია ანუ საზოგადოების პოლიტიკურ მართვაში ხალხის მონაწილეობა - სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა. საქმის სირთულე იმაშია, რომ დღევანდელი ბიუროკრატიული სისტემის იერარქიულობა გამორიცხავს პატიოსანი, მოუსყიდავი ჩინოვნიკების გამოჩენას.
ასეთი ჩინოვნიკი, თუნდაც რაღაცნაირად შეფრინდეს ბიუროკრატიულ სამეფოში, მაშნვე იქნება „შეჭმული“ ინტრიგების და ანალოგიური პარტიულ თამაშებში უფრო გაქნილი კოლეგების მიერ.
გაყალბებული  დემოკრატიიდან პორდაპირ დემოკრატიაზე გადასვლის გარეშე შეუძლებელია საუკუნეების მანძილზე არსებული და დღეს მიღწეული მახინჯი პოლიტიკური მმართველობითი სისტემის შეცვლა და დამარცხება.

No comments:

Post a Comment