სინდისი
სინდისი ადამიანის
სულის სიღრმეში არსებული ერთგვარი სასამართლო ან სამსჯავროა. ამ შინაგან სამსჯავროში
მოსამართლე თვითონ სუბიექტია და თანაც არა სხვა ადამიანების, ან საზოგადოების მოქმედებაზე,
არამედ საკუთარ მოქმედებაზე. სინდისი არის კრიტიკის თავისებური ფორმა, ეს არის სუბიექტური
კრიტიკა, ანუ სუბიექტის მიერ თავისი თავის, თავისი მოქმედების კრიტიკა. სინდისი არის
ადამიანის თავისუფლების, მისი დამოუკიდებელი ნების გამოვლენა, რადგან სინდისის წინაშე
ძალას კარგავენ ყოველგვარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ორგანიზაციები: სასამართლოები,
საგამომძიებლო ორგანოები, დამსჯელი ორგანოები და სხვა. მასში ასამართლებს და სასჯელი
გამოაქვს თავის თავის მიმართ თვით სუბიექტს თავისი თვალსაზრისის მიხედვით.
„სინდისი“ და „სინდისიერება“
არის ადამიანობის გამოვლენის უმაღლესი ფორმა, რადგან სიდისის მოსყიდვა შეუძლებელია.
ის მოუსყიდავი მსაჯულია და უფრო მეტად გვხვდება
იმ ადამიანებში, რომლებსაც განვითარებული აქვთ
რეფლექსის, თვითდაკვირვების და თვითკრიტიკის უნარი.
ისმის კითხვა: რა
კრიტერიუმით, რა საზომით განსჯის ადამიანი? კრიტერიუმი მრავალგვარია და დამოკიდებულია
იმაზე, თუ რომელი სფეროს მოქმედება ფასდება. თუ ფასდება სამართლის სფეროში ჩადენილი
მოქმედება, მაშინ კრიტერიუმი იქნება სამართლიანობა-უსამართლობა. თუ მოქმედება ქველმოქმედებას
ეხება, კრიტერიუმი იქნება ქველმოქმდების ჩადენა ან არჩადენა, თუ მოქმედება ეხება სარგებლობა-ზარალს,
კრიტერიუმიც ეს იქნება-სარგებლობა ან ზარალი. მაშასადამე, შინაგან სამსჯავროში იგივე
კრიტერიუმები მოქმედებს, რაც გარეგანში, საზოგადოებრივში ან სახელმწიფოებრივში. იმ
განსხვავებით, რომ ეს კრიტერიუმი შინაგანია, იმამენტურია და შეუმჩნეველი, საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი
კი, როგორც გარეგანი, ხილვადია და შესამჩნევი. სინდისის კრიტერიუმები დამოკიდებულია
გარეშე პირობებისგან, რადგან ის მთლიანად სუბიექტის გააზრებას, მისი საკუთარი რეფლექსიის
შედეგია.
მაგრამ შესაძლებელია,
რომ შინაგანი სამსჯავროშიც კი ადამიანი ანგარიშს უწევდეს საზოგადოევრივ აზრს, ავტორიტეტს
და ამის მიხედვით აწარმოებდეს საკუთარი მოქმედების შეფასებას. ამ შემთხვევაში ადამიანი
არ არის თავისუფალი, რადგან ის ბრმად მისდევს საზოგადოების თვალსაზრისს. ვფიქრობთ,
რომ ამის განზოგადება და გავრცელება ყველა ადამიანზე არ შეიძლება, რადგან არიან ადამიანები,
რომლებიც უსმენენ მხოლოდ საკუთარი შინაგანი სამსჯავროს ხმას და არ ითვალისწინებენ არც
საზოგადოების მორალურ კოდექსებს, არც ავტორიტეტებს, რადგან მათთვის ავტორიტეტიც და
მორალური კოდექსიც არის საკუთარი სინდისის ხმა. ისინი მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე
აგებენ პასუხს საკუთარ მოქმედებაზე.
მორალურ კოდექსებს
კი ადამიანები ყოველთვის უანგაროდ და დანაშაულის ჩადენა ძნელია და საშიში. ანდა იმის
გამო, რომ შინაგანი ხმა ემთხვევა მორალის რომელიმე კოდექსს. და თუ არ ემთხვევა, მაშინ
სუბიექტი მოქმედებს შინაგანი ხმის კარნახით. ეს კი ნიშნავს მორალის საკუთარი კანონების
შექმნას, რაც ყველას არ შეუძლია, რადგან ეს მოითხოვს აზროვენბის დიდ უნარს, ცოდნისა
და გამოცდიელბის დიდ მარაგს.
სინდისის მეშვეობით
ადამიანი თვითონ აფასებს რა თავის მოქმედებას,
ადანაშაულებს ან ამართლებს თავის თავს. პირველ შემთხვევაში ადამიანში შეიძლება გაჩნედეს
სინანულის გრძნობა, რაც მონანიების სურვილში გადაიზრდება. ამ დროს ადამიანში იღვიძებს
უკმაყოფილების გრძნობა, თავის თავის დადანაშაულებისა და გაკიცხვის გრძნობა, რაც შეიძლება
თავის თავის მოსპობის თვითმკვლელობის სურვილში
გადაიზარდოს. ესაა სინდისის ქენჯნა, რასაც თან სდევს სირცხვილის, დანაშაულის გამოსწორების სურვილი და სხვა. ასეთი გრძნობები
ხშირად იქცევიან ადამიანის ცხოვრევაში შემობრუნების ან გარდატეხის პუნქტად. ასეთი ადამიანები,
ცხადია, ანალოგიურ დანაშაულს აღარ ჩაიდენენ. ისინი ჩვეულებრივად უაღრესად სამართლიანი
და პატიოსანნი არიან.
მათ უპირისპირდება
ადამიანები, რომლებსაც ასეთი შინაგანი სამსჯავრო არა აქვთ. მათ ადამიანები ზიზღით
„სინდისისაგან გარეცხილთ“ ან „უსინდისოებს“ უწოდებენ. ისინი არას დაგიდევენ. აყენებენ
ვინმეს ზიანს თუ არა. ისინი არ სცნობენ არავითარ მორალურ კანონებს და ცხადია, არც საკუთარის
შექმნის უნარი აქვთ. ამიტომ მათ შეუძლიათ ნებისმიერი სისაძაგლის დანაშაულის ჩადენა.
ამრიგად ჩვენში
მიზანი უნდა იყოს ისეთი ადამიანების აღზრდა, რომლებსაც ექნებათ თვითდაკვირვების, თვითკრიტიკის,
რეფლექსიის უნარი, საკუთარი შეცდომების შემჩნევის უნარი და სურვილი მათი გამოსწორებისა.
ეს ავალებს პედაგოგებს, ეთიკოსებს, ესთეტიკოსებს, საერთოდ, ჰუმანიტარული დარგის მუშაკებს
იბრძოლონ ასეთი უნარის მქონე ადამიანების ჩამოყალიბებისათვის. ეს გამოიწვევდა ადამიანთა
ზნეობის ამაღლებას, გაფაქიზებას და გაჯანსაღებას.
ახლა შევეხოთ ზოგიერთ
მოსაზრებას ამ საკითხის შესახებ ქართული საბჭოური ეთიკა სინდისს განსაზღვრავს „ მოვალეობის
წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა“. ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ ნამდვილი მორალური
მოქმედება ანუ მოქმედება სინდისის საფუძველზე არაა გამოწვეული პასუხიმგებლობის გრძნობით.
მოქმედება პასუხისმგებლობის შიშით თავისებური ანგარებაა, რადგან ამ შემთხვევაში კაცი
ზნეობრივად იქცევა, რათა პასუხისმგებლობა აიცილოს თავიდან. ცხადია ეს მოქმედება ვერ
მოხვდება სინდისით შესრულებულ მოქმედებათა რიცხვში. სინდისიერ მოქმედებათა რიცხვში
არ მოხვდება არც შიშის, არც სისუსტის გამო ჩადენილი მოქმედება, არც იძულებით და არც
საზოგადოების დასანახად ჩადენილი მოქმედება. მორალურია და სინდისიერი მხოლოდ უანგარო,
სამართლიანი, პატიოსანი მოქმედება და დანაშაულებრივი, მცდარი მოქმედების დაგმობა საკუთარი
მორალური სამსჯავროს საშუალებით. ასე მოქმედებენ სუფთა, ამაღლებული, პატიოსანი, სინდისიერი
ადამიანები, რომელთა რიცხვი არც თუ ცოტაა.
სპინოზა სინდისთან
დაკავშირებულ მონანიებას უარყოფითად აფასებდა და ადამიანის სისუსტედ მიაჩნდა, რადგან
ის გონებიდან არ გამომდინარეობსო. ასეთი მოსაზრება მცდარია.
ჩვენ ვფიქრობთ,
რომ მონანიება სწორედ სიძლიერის ნიშანია და არა სისუსტისა. რადგან მონანიება ნიშნავს
იმას, რომ კაცს ეყო ძალა კრიტიკულად შეეხედა თავისი მოქმედებისათვის, დამდგარიყო მასზე
მაღლა და დაეგმო ის. ეს კი მოითხოვს არა მხოლოდ სამართლოანობის გრძნობას, არამედ ძლიერ
ნებისყოფასაც, რაც ყველას არა აქვს.
No comments:
Post a Comment