სამართლიანობა
და უსამართლობა
სამართლიანობა ეთიკის ერთ-ერთი ძირითადი მცნებაა, ისევე როგორც
სიკეთე. ამიტომ აუცილებელია მისი ანალიზი და შესაძლებლობის ფარგლებში განსაზღვრებაც.
შევეხოთ სამართლიანობის გამოვლენის ზოგიერთ ფორმას:
1. სამართლიანობა ნიშნავს ობიექტურობას, მიუკერძოებლობას როგორც
ცალკეულ ადამიანებთან, ისე მთელ საზოგადოებასთან ურთიერთობაში.
2. სამართლიანობა ნიშნავს,
როგორც ცალკეული ადამიანების, ისე მთელი საზოგადოების მოქმედება-მოღვაწეობის ობიექტურ,
მიუკერძოებელ შეფასაებას და დაფასებას.
3. სამართლიანობა ნიშნავს, თვითოეულს მიუზღო მისი დამსახურების
მიხედვით, არც მეტი და არც ნაკლები.
4. სამართლიანობა ნიშნავს, ძლადობის უარყოფას, რადგან ძალადობას
მიმართავენ იმის მისაღებად, თუ დასასაკუთრებლად, რაც კაცს არ ეკუთვნის.
5. სამართლიანობა ნიშნავს, როგორც ადამიანთა შორის ურთიერთობის,
ისე საზოგადოებრივი ცხოვრების თანასწორუფლებიანობის პირნციპზე დამყარებას.
6. სამართლიანობა ნიშნავს დაჩაგრულთა, დათრგუნვილთა უფლებების
დაცვას, რაც ხელს შეუწყობს როგორც პიროვნებათა ცხოვრებაში, ისე მთელ საზოგადოებაში
სიმშვიდის, წონასწორობისა და კეთილდღეობის დამყარებას.
7. სამართლიანობას გადაყავს ადამიანები მტრობის, დაპირისპირების
მდგომარეობიდან ურთიერთ გაგებისა და მეგობრობის მდგომარეობაში.
8. სამართლიანობა არის მოკლე გზა ორ მოპირდაპირე წერტილს შორის,
რის გამოც მას უფრო სწრაფად მიჰყავს ადამიანი დასახულ მიზნამდე, ვიდრე უსამართლობას.
9. სამართლიანობას შეაქვს წესრიგი ადამიანთა ცხოვრებაში, რითაც
ხელს უწყობს როგორც ცალკეული ადამიანების, ისე მთელი საზოგადოების კეთილდღეობას.
10. სამართლიანობა უაღრესად მყარია, არასოდეს არ ღალატობს ადამიანს
და მაშასადამე, ის არასოდეს არ შეიძლბა გახდეს ბოროტებისა და უსამართლობის წყარო.
11. სამართლიანობა არის სავსებით მიწიერი, ამქვეყნიური მოვლენა
და მისი განხრციელება სავსებით შესაძლებელია აქვე, მიწიერ ცხოვრებაში და არაა საჭირო
ლოდინი სიკვდილისა, ანუ „იმ ქვეყანაში“ მოხვედრისა სამართლიანობის მიღწევის მიზნით.
12. სამართლიანობა ებრძვის, ეწინააღმდეგება სიყალბის, სიცრუის
ყოველ გამოვლენას, რითაც ხელს უწყობს ადამიანთა შორის ნდობას, ურთიერთობის გაგებისა
და მეგობრობის დამყარებას.
13. სამართლიანი ადამიანისთვის უცხოა მიცემული სიტყვის გატეხვა,
ან დადებული პირობის დარღვევა. სამართლიანი კაცი თავისი სიტყვის პატრონია.
14. ყოველივე ზემოთქმულის გამო, სამართლიანობა არის სტიმული
ადამიანთა უფრო ენერგიული, უფრო პროდუქტიული მოღვაწეობისა, რის შედეგად იზრდება და
მატულობს როგორც ცალკეული პიროვნების, ისე მთელი საზოგადოების კეთილდღეობა.
როგორც არაერთხელ გვითქვამს, ბუნებაშიც და საზოგადოებაშიც ყოველ
მოვლენას აქვს თავისი საწინააღმდეგო, მოპირდაპირე მხარე და ეს დაპირისპირება, თუ წინააღმდეგობა
არის ამავე დროს მოწინააღმდეგე მხარეების არსებობის აუცილებელი პირობა. მაგალითად,
არ იქნებოდა ნათელი, რომ არ ყოფილიყო ბნელი, არ იქნებოდა თეთრი, რომ არ ყოფილიყო შავი,
არ იქნებოდა სიკეთე, რომ არ ყოფილიყო ბოროტება, არ იქნებოდა სამართლიანობა, რომ არ
ყოფილიყო უსამართლობა და სხვა. ამიტომ სამართლიანობის განსაზღვრისათვის აუცილებლად
გვჭირდება უსამართლობის ძირითადი ნიშნების სამართლიანობის ასეთსავე ნიშნებთან შედარება.
1. უსამართლობა ნიშნავს ტენდენციურობას, მიკერძოებულობას ადამიანთან
ან მთელ საზოგადოებასთან დამოკიდებულებაში, მათი მოქმედებისა და მოღვაწეობის მნიშვნელობის
შეფასებასა და დადგენაში.
2. უსამართლობაა არასწორად მიუზღოთ ადამიანებს, არა მათი დამსახურების
მიხედვით.
3. უსამართლობა არის არასწორი, არამედ დაგრეხილი ან ზიგზაგისებური
გზა ორ მოპირისპირე წერტილს შორის, ამიტომ ის არაა უმოკლესი მანძილი მიზნისკენ მიმავალ
გზაზე.
4. უსამართლობაა ძალით, იძულებით იმის მოპოვება, რაც შენ არ
გეკუთვნის.
5. რადგან უსამართლობა ხელს უწყობს ძალადობას, ამიტომ ის ხელს
უწყობს აგრეთვე ტანჯვის გაბატონებასაც, რადგან ტანჯვა არის ძალადობის შედეგი.
6. უსამართლობა ხელს უშლის თანასწორუფლებიანობას და ხელს უწყობს
უთანასწორობას უფლებრივ სფეროში.
7. უსამართლობა ხელს უშლის წონასწორობის დამყარებას საზოგადოებაში,
რითაც ხელს უშლის სიმშვიდის, წესრიგის დაცვას საზოგადოების პოლიტიკურ და ეკონომიურ
ცხოვრებაში.
8. უსამართლობა კიდევ უფრო აღვივებს ადამიანთა შორის დაპირისპირებას,
მტრობასა და წინააღმდეგობას, რითაც ხელს უშლის ადამიანთა უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.
9. უსამართლობას აქვს მერყევი, არამდგრადი ბუნება, რის გამოც
უსამართლო ადამიანი ვერ ახერხებს იყოს ლოგიკური და თანმიმდევარი თავის მოქმედებაში.
10. უსამართლობა
ისევე, როგორც სამართლიანობა არის სავსებით ამქვეყნიური, მიწიერი მოვლენა და მისი დათრგუნვა
და უარყოფა უნდა ხდებოდეს აქვე, დედამიწაზე ამქვეყნიურ ცხოვრებაში.
11. უსამართლობას არასოდეს
არ ხვდება ჭეშმარიტი გამარჯვების ტრიუმფი, რადგან მისი გამარჯვება, ყოველთვის მოჩვენებითია და ხანმოკლე.
12. უსამართლობას,
მაგალითად, ქურდობას, თან ახლავს ყოველთვის დიდი ფიზიკური და სულიერი დაძაბულობა არანაკლებ
ღელვა და დაძაბულობა ახლავს თან უკვე მოპოვებულის და მისაკუთრებულის შენახვა-გადამალვას.
და კიდევ დიდი უბედურება მოელის ქურდსა და დამნაშავეს, თუ მისი ნამოქმედარი გამჟღავნდა.
ის დამთავრდება მძიმე და ტრაგიკული სასჯელით „კაონონიერების დამცველთა“ მხრივ, საზოგადოებისა
და ნაცნობმეგობრების ზიზღითა და სიძულვილით დამნაშავის მიმართ. ასე, რომ, სიმართლის,
პატიოსნების და სხვა მორალური თვისებების უარყოფის შედეგად დამნაშავეს არავითარი მოგება
არ რჩება.
13. არანაკლებ დამნაშავენი
არიან ისინი, რომლებიც ხელს უწყობენ, ან აქეზებენ კაცს დანაშაულისაკენ. დამნაშავეა
ისიც, ვისაც შეუძლია ხელი შეუშალოს დამნაშავეს და უსამართლოს, მაგრამ არ უშლის. ეს
მოწმობს ამგვარ ადამიანთა დაბალ მორალურ და ინტელექტუალურ დონეს.
14. მორალის, პედაგოგის
და საერთოდ, ნებისმიერი ჰუმანიტარული დისციპლინის გადაუდებელი ამოცანაა ახალგაზრდა თაობაში დადებითი მორალური
თვისებების დანერგვა და უარყოფითის აღმოფხვრა. ამით კაცი ხელს უწყობს არა მხოლოდ ცალკეული
პიროვნებების, არამედ მთელი საზოგადოების წინსვლა-გავნითარებას.
რა იწვევს უსამართლობას?
- უსამართლობის გამომწვევი მიზეზები ორ ჯგუფად უნდა დავყოთ - სუბიექტურ და ობიექტურ
მიზეზებად. სუბიექტურია თვით პიროვენბის ნებისყოფის სისუსტე, მისი დაბალი მორალურ-ინტელექტუალური
დონე, რის გამოც ის ვერ არჩევს ავსა და კარგს, ბოროტსა და კეთილს, სამართლიან და უსამართლო
მოქმედებებს. რის გამოც აკეთებს არასწორ არჩევანს. შესაძლებელია დანაშაულისა და უსამართლობის
ჩადენის მიზეზები იყოს თანდაყოლილი. მაგალითად, სადიზმი, კლეპტომანია და სხვა ფსიქიკურ
დაავადებებთან არის დაკავშირებული. მაგრამ უსამართლობის და საერთოდ, დანაშაულის მთავარი
მიზეზები ობიექტურია. ობიექტურ მიზეზებს ჩვენ ვაკუთვნებთ ცუდად მოწყობილ პოლიტიკურ
სისტემას, ეკონომიურ პირობებს, ცუდ აღზრდას, ცუდ საზოგადოებრივ ურთიერთობას და სხვა.
საზოგადეობა ებრძვის
როგორც დანაშაულს, ისე ჩადენილ უსამართლობას, მაგრამ არ ებრძვის მის გამომწვევ მიზეზებს.
მაშინ, როდესაც საჭიროა, პირველ ყოვლისა, ბრძოლა უსამართლობათა და დანაშაულობათა გამომწვევი
მიზეზების წინააღმდეგ, თვით სუბიექტური მიზეზების წინააღმდეგაც კი, რადგან თანდაყოლილი
თვისებები წინამორბედი თაობების ობიექტურ მიზეზებში
დაშვებული შეცდომების შედეგია, რაც მომდევნო
თაობებს გადაეცა მყარ, სუბიექტურ თვისებად.
ბრძოლა ობიექტური
მიზეზების წინააღმდეგ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაუსჯელი დავტოვოთ თვით დანაშაულის
ფაქტი. ეს მეორე უსამართლობა და დანაშაული იქნებოდა. სასჯელი კი უნდა იყოს არა დამნაშავისა
და უსამართლობის ჩამდენის მოსპობის, არამედ მისი გამოსწორებისა და აღზრდის საშუალება,
რადგან ცუდად გამოყენებული სასჯელი ხდება ახალი უბედურებათა და დანაშაულებათა წყარო.
სასჯელი უნდა სულიერად
ამაღლებდეს ადამიანს, აკაჟებდეს მის ნებისყოფას ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში. სასჯელმოხდილი
კაცი უნდა იყოს ამაღლებული სულიერად, გაკაჟებული ფიზიკურად და ფსიქიკურად. დასჯა თავისებური
სკოლა უნდა იყოს დამნაშავის აღსაზრდელად და გამოსასწორებლად, ის არ უნდა ანადგურებდეს
და სპობდეს დამნაშავეს, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება საქმე მეორე დანაშაულთან,
თანაც უფრო დიდ დანაშაულთან და უსამართლობასთან, სახელმწიფოებრივ დანაშაულთან.
საჭიროა დანაშაულობათა
გამომწვევი მიზეზების კვლევა და მათი განსხვავება, თუ რით არის ის გამოწვეული. ვინც
იქურდა იმიტომ, რომ შიოდა, ნაკლებ დამნაშავეა იმასთან შედარებით ვინც იქურდა ზედმეტი
ქონების მოპოვების მიზნით. ასევე საჭიროა განსხვავება განზრახული და განუზრახველი მოქმედებისა.
ის, ვინც სამართლიანობა-უსამართლობის გზის
გასაყართან დგას და არჩევს, თუ რა გზას დაადგეს, სამართლიანსა, თუ უსამართლოს და არჩია გზა უსამართლობისა, რადგან არ იცოდა, თუ რას ირჩევდა
ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არცოდნასთან და შეცდომასთან. ხალხი კი ამ შემთხვევაში
ამბობს: „არცოდნა არცოდვაა“-ო. მაგრამ თუ კაცი შეგნებულად ირჩევს უსამართლობისა და
დანაშაულობათა გზას, ის უკვე ნამდვილი დამნაშავეა, უსამართლობის მოქმედი და სასჯელსაც
იმსახურებს.
სწორი იყო დემოკრიტე,
როდესაც ამბობდა, რომ უსამართლობის ჩადენას ხელი უნდა შევუშალოთ, მაგრამ თუ ეს არ ძალგვიძს,
მისი თანაზიარი და ხელშემწყობი მაინც არ უნდა ვიყოთ. მართლაც, საზოგადოების ყველა პატიოსანი
და წესიერი წევრი უნდა წინ აღუდგეს უსამართლობის ყოველ გამოვლენას, მათ შორის დანაშაულს.
მაგრამ ამას უფრო დიდი უსამართლობა არ უნდა მოჰყვეს შედეგად, რაც უფრო მეტი უსამართლობა
და დანაშაული იქნებოდა.
არსებობის შენარჩუნების,
თავდაცვის ინსტიქტი ადამიანში ერთ-ერთი ძლიერი ინსტიქტია, ამიტომ როგორც კი უარესდება
ცხოვრების პირობები და არსებობას საფრთხე ემუქრება, ადამიანში მაშინვე იღვიძებს თავდაცვის
ინსტიქტი და ისიც მიმართავს ყველა საშუალებას, სამართლიანს, თუ უსამართლოს თავის გადასარჩენად.
ამ შემთხვევაში ადამიანი ახლოს დგება ცხოველთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ინსტიქტმა
გადაარჩინა კაცობრიობა გადაშენებას. ადამიანი კი ცდილობს დამალოს, შენიღბოს ეს ინსტიქტი,
რათა არ გაუტოლდეს ცხოველს. მაგრამ როცა აღგზნებულობის გამო მოდუნებულია თვითკონტროლი,
მაშინ ეს ინსტიქტი თავს იჩენს მთელი ინტენსივობით და მაშინ ზღვარიც იშლება ცხოველსა
და ადამიანს შორის. ამიტომაც ქმედება, რომელიც არსებობის შენარჩუნების მიზნით არის
ჩადენილი, ნაკლებ დანაშაულად უნდა ჩაითვალოს სხვა დანაშაულობებსა და უსამართლობასთან
შედარებით.
კაცობრიობის იდეალი
უნდა იყოს მიაღწიოს მაქსიმალურად მაღალ ეკონომიურ პირობებს, მაქსიმალურად მოწესრიგებულ
პოლიტიკურ სისტემებს, აგებულს სამართლიანობისა და კანონიერების პრინციპებზე, მაღალ
დონეზე აყვანილ აღზრდის სისტემას, რომელიც თავშივე აღკვეთს უსამართლობისა და დანაშაულობათა
გამომწვევ მიზეზებს და სხვა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს დანაშაულობათა და უსამართლობათა
შემცირებას და ბოლოს იქნება მათ სრულ აღკვეთასაც კი. მაგრამ რაც მთავარია, კაცობრიობის
მიზანი უნდა იყოს ახალი ადამიანის აღზრდა, ადამიანისა, რომელიც გაუძლებს ყოველგვარ
ცთუნებას, უკიდურეს გაჭირვებასა და სიღატაკესაც კი და უმძიმეს პირობებშიც კი შესძლებს
შეინარჩუნოს ადამიანის სახე, ამაღლდეს ცხოველის დონეზე. ამ ადამიანს ექნება ძლიერი
ნებისყოფა, დიდი მოთმინების უნარი, უნარი იმისა, რომ უკიდურეს გაჭირვებაშიც კი შეინარჩუნოს
თვითკრიტიკის თვითდაკვირვების, თვითკონტროლის უნარი. ასეთი სრულყოფილი ადამიანის ჩამოყალიბების
გზაზე მივიწევთ წინ ნელა. ფრთხილად, მაგრამ რაც მთავარია, მივიწევთ წინ. ეს წინსვლა
უფრო გაბედული, ძლიერი და უფრო შედეგიანი იქნება. ეს მიზანი თუმცა საკმაოდ შორეული
მიზანია, მაგრამ განუხორციელებელი არ არის.
ჩვენ დაგვრჩა გადასაწყვეტი
ყველაზე ძნელი და რთული ამოცანა-სამართლიანობის განსაზღვრება. ზემოთქმულის საფუძველზე
შეიძლება დავასკვნათ, რომ სამართლიანობა უნდა იყოს სიყვარული ჭეშმარიტებისა და სიძულვილი
ყოვლეგვარი სიცრუის, სიყალბისა და ძალადობის.
No comments:
Post a Comment