Monday, October 3, 2016

სამართლის ფილოსოფია



სამართლის ფილოსოფია
დღევანდელი გადასახედიდან ნათლად ჩანს, რომ ერთერთი ძირითადი პრობლემა, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე ზოგადად კაცობრიობისთვის არის სამართლის ანუ კანონების ამოქმედება და მისადაგება. ზოგჯერ ხდება პიროვნული, კლანური, კორუფციული, ვიწრო პარტიული ინტერესების მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში ის უგუნური ადამიანის ნამოქმედარი შეიძლება იყოს, რომელიც ენით აღუწერელი ტრაგედიების და უბედურების მიზეზი ხდებოდა და ხდება ადამიანებისთვის დღესაც, როგორც საქართველოში ისე მსოფლიოში.
უახლოეს წარსულში ბრეივიკის მიერ სამოცდაათზე მეტი ადამიანის, საშინლად (შესაფერის სიტყვას ვერ ვპოულობ) დახოცვამ შოკში ჩააგდო კაცობრიობა და არა ნაკლებ გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ კანონის სიმახინჯის გამო ბრეივიკს 20 წლით პატიმრობის მეტი ვერ მიუსაჯეს. აი კანონიც ამას ჰქვია!, ადამიანის უფლებების დაცვაც ეს ყოფილა!
საქართველოში 25 წლის მანძილზე გამეფებული ქაოსის ძირითადი მიზეზი არის კანონების სიმახინჯე და შეგნებულად ორაზროვანი ფორმით ჩამოყალიბება და პიროვნების, კლანების სასარგებლოდ მისადაგება და არა საზოგადოებისა და ხალხისთვის.
            სამართლის ფილოსოფიის მიზანია პოზიტიური სამართლის „გაადამიანურება“, ასევე ბუნებითი სამართლის უდიდეს მნიშვნელობაზე ხაზის გასმა. ბუნებითი სამართლის და პოზიტიური სამართლის „ნათესაობის“ მნიშვნელობის დასაბუთებაა, საზოგადოებისთვის მართალი სამართალი ახსნის და განმარტების მცდელობაა.
პოზიტიური სამართალი არ უნდა მოსწყდეს „ბუნებითი სამართლის ფესვებს“, ანუ ღვთიურ „ნიადაგს“, ეს კი  იმაზეა დამოკიდებული თუ, როგორია პოლიტიკურ - სამართლებრივი კულტურა და ხელისუფლების ნება „ადამიანური სამართლის“ ჩამოყალიბების პროცესში.
            როდესაც სამართლის ისტორიის მკვლევარები, რომელიმე ქვეყნის განვითარებას პერიოდებად ყოფენ, ისტორიული მონაკვეთები ერთმანეთისგან ერთ გეოგრაფიულ სივრცეშიც მკვეთრად განირჩევიან, რადგან მათ ავკარგიანობას განაპირობებს პოლიტიკური ნება.
            აქედან გამომდინარე, პოზიტიური (ანუ მოქმედი) სამართალი მუდმივ ცვალებადობაშია და მისი ხარისხის დონე მღვრიე და უხარისხოა. ის არ არის მისადაეგებული დემოკრატიულ პრინციპზე (დემოსი - ხალხი, კრატია - მმართველობა), არამედ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. თუ კი სამართალი სამოქალაქო საზოგადოებასთანაა შეჯერებული, მისი პრინციპები მდგრადია, მყარია ვიდრე ხელისუფლებების მიერ ხელოვნურად შექმნილი კანონები.
მაინც რა არის სამოქალაქო საზოგადოება?
სამოქალაქო საზოგადოება არის ზნეობრივ - ეთიკური, რელიგიური, კულტურული, სოციალურ-ეკონომიური, მეცნიერული, საოჯახო, ხელოვნება, სპორტი, ეროვნული და ზოგად-საკაცობრიო იდეოლოგიის ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელთა მეოხებითაც კმაყოფილდება ინდივიდების და მათი ჯგუფების ინტერესები. (შენიშვნა: სამოქალაქო საზოგადოების ფართო განმარტება იხილეთ წერილში „დემოკრატია“).
იურისპრუდენცია, ჰიუგოს აზრით, უნდა შედგებოდეს სამი ნაწილისაგან: იურიდიული დოგმატიკა, სამართლის ფილოსოფია (პოზიტიური სამართლის ფილოსოფია) და ისტორია.
            სამართალი იყოფა ბუნებრივად და ნებით დამყარებული. ბუნებითი სამართალი ხელშეუხებელია. ეს არის ბუნების კანონი.
            იურისტთა და პოლიტიკოსთა ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ შეუსაბამონ არსებული კანონები ბუნებრივი სამართლის სახით წარმოდგენილი სამართლიანობის იდეალს. აქედან გამომდინარე კარგად უნდა იცნობდნენ ფილოსოფიური ანთროპოლოგიის შინაარსს, რაც იგივე პასუხია კითხვაზე - „რა არის ადამიანი“... რისთვის ვართ? საით მივდივართ? რა გველოდება? ის სულისკვეთება, რამაც ერთ დროს მტკიცედ მოიკიდა ფეხი ბუენების მეცნიერებაში, დღეს გადაინაცვლა ადამიანის ბუნების, მასში კოდირებული ინსტინქტების თეორიულ განხილვასა და მეცნიერულ შეფასებაში.
            მეცნიერ-თეორეტიკოსები არ დაობენ ადამინაში უარყოფითი ინსტინქტების არსებობის შესახებ, მხოლოდ ვერ შეთანხმდნენ ერთში: სახელდობრ, ინსტინქტთა რაოდენობას მათი იერარქიული თანამიმდევრობის საკითხში.
            ზოგი, ერთ უარყოფით, მავნე ინსტინქტს ასახელებს: თავმოყვარეობას, ზოგი ორს: ეგოიზმს და ალტრუიზმს, ზოგი კიდევ სამს: სიხარბეს შიშს და პატივმოყვარეობას, ხოლო დღეს ზოგიერთი მეცნიერ-მკვლევარები 50 – 60 ინსტინქტსაც კი ჩამოთვლიან.
            სამწუხაროდ, ბუნების ზოგად კანონზომიერებიდან გამომდინარე, ადამიანში კოდირებული უარყოფითი ინსტინქტების ჭარბი მოზღვავება სხვადასხვა მიზეზით ხდება  ადამიანში, რომელიც აუცილებლად მიმართული იქნება პიროვნების თუ საზოგადოების წინააღმდეგ, თუ კი პოლიტიკოსები, იურისტები და სამოქალაქო საზოგადოება დროზე არ მიიღებს მეცნიერულად შესწავლილ გადამჭრელ ზომებს.
            ადამიანში არსებული უარყოფითი ინსტიქტების ზღვარს გადასვლას შეიძლება ხელი შეუწყოს ცუდად მოწყობილმა პოლიტიკურმა მმართველობამ, უარგისმა კანონებმა ზნეობრივ-ეთიკური ნორმების იგნორირებამ, ცნობიერების დანაგვიანება დაბინძურებამ, ადამიანის და კაცობრიობის ბუნების საწინააღმდეგო იდეოლოგიამ და ა.შ.
            ჩვენ ზემოთ ვახსენეთ ცნობიერება. რას ნიშნავს ცნობიერება?
            ინგლისელმა ფილოსოფოსმა ჯონ ლოკმა ადამიანის ცნობიერება სუფთა დაფას შეადარა, რომელზედაც აღიბეჭდება მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები.
            ცნობიერება ადამიანს, უფრო სწორად მხოლოდ ადამიანის ტვინს ახასიათებს. ცნობიერებასთან დაკავშირებული შემეცნების უნარები და მისი მეშვეობით ცოდნის შეძენა. ახლა რიგითი არა სპეციალისტი ადამიანისთვის განვმარტოთ და გავარკვიოთ:  ცნობიერება ერთადერთი ფენომენია, როგორც ცოდნის მატარებელი განსაზღვრავს ადამიანის მოქმედებას თუ კიდევ არსებობს სხვა ფენომენი.
            საქმეც ის არის, რომ სადაც საუბარი არის ცნობიერებაზე, იქ საუბარია აგრეთვე ქვეცნობიერებაზეც.
რას ნიშნავს ქვეცნობიერი?
ქვეცნობიერი ისეთი ფენომენია, რომელიც ადამიანის ცნობიერების სიღრმეში დევს და ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ცნობიერ მოქმედებაზე.
            ასე მაგალითად, ჩვენ მუდმივად როდი გვახსოვს ბავშობისას თავს გადამხდარი ამბები, სწავლის პერიოდი, თამაშები, მშობლების და ახლობლების სიყვარული და ჩვენზე მზრუნველობა, კეთილი  ან ბოროტი ადამიანების მოქმედება და ა.შ. მაგრამ საკმარისია ამის საჭიროება გაჩდეს, ვინმემ გვკითხოს ჩვენს წარსულზე, რომ მაშინვე ამოტივტივდება იქ სადაც შემონახულია ეს ცოდნა. სწორედ ეს არის ქვეცნობიერის ერთერთი ყულაბა.
            ცნობიერსა და ქვეცნობიერზე იმიტომ გავამახვილე თქვენი ყრადღება, რომ ვკითხო ჩემს თავს და თქვენც თუ რას ვდებთ და ვნერგავთ ჩვენი მომავალი თაობის ცნობიერსა და ქვეცნობიერში პიროვნებები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები, იურისტები ზოგადად სამართალდამცავი უწყებები, მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, კულტურის სფეროს მოღვაწეები, როგორი ეროვნული, ზოგად საკაცობრიო იდეოლოგია გამოგვაქვს წინა პლანზე?.. მოკლედ, რომ ვუპასუხო ამ კითხვას შეიძლება ითქვას ბოროტება აჭარბებს სიკეთეს.
 აგერ უკვე 25 წელია და საქართველო ვერ გამოვიდა, ვერ გამოვიყვანეთ მრავალმხრივი გაუთავებელი კრიზისებიდან და აქედან გამომდინარე საფრთხე ექმნება ჩვენს სამშობლოს, რომელიც ჩვენმა სახელოვანმა წინაპრებმა მრავალი საუკუნე შუწყვეტელი ხმლის ქნევით, სისხლის ღვრის საფასურად შეგვინარჩუნეს.
            ჩვენი სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის შეფასებით, ადამიანმა დაკარგა ორიენტირი, თუ რომელ მხარეს უნდა იყოს სიკეთის თუ ბოროტების.
            პლატონი ამბობდა: თავისთავად სამართალი, როგორც იდეალური არსი, უნდა იყოს სიკეთის გამოვლენა, ზოგადად ეს არის თავისუფლება, რომელიც უნდა ექვემდებარებოდეს სიკეთის იდეას; ამ დაქვემდებარების გარეშე თავისუფლება ბოროტება იქნება, ვინაიდან სიკეთის იდეა უფრო მაღალია.
თავისუფლებაში თუ არ არის ჩადებული სიკეთე, მივიღებთ ბოროტებას მისი სოციალურ-სამართლებრივ გამოხატულებას, გამოვლენას, როგორიცაა ანარქია, ტერორიზმი, ექსტრემიზმი, კორუფცია, კანონების პიროვნებებზე და მაფიოზურ კლანებზე მორგების,  ფართო გაგებით, სრული უზნეობის და უსამართლობის და ა.შ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცნება პირობითად ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: სამართლის და ფილოსოფიის მიზანია, მუდმივმოქმედი ინტელექტუალური მოვლენის სამართლებრივი იდეის ახსნა. სამყაროსთან მიმართებაში ადამიანის ნორმატიული ყოფიერების შეცნობა, რომელიც არის სამართლებრივი კულტურის (საერთო კულტურის შემადგენელი ნაწილი) საფუძველი. იდეა უნდა გავიაზროთ, როგორც სინამდვილის უკმარისობის შედეგი. ე.ი. არსებული სამართალი არ აკმაყოფილებს ადამიანებს და ცდილობენ უკეთესობისკენ გარდაქმნან იგი.

No comments:

Post a Comment