თეთრი
და შავი „პიარი“ (PR)
ტერმინი პიარი წარმოდგება ინგლისური
აბრევიატურისაგან PR (ფაბლიკ რილეიშენზ),
რაც სიტყვა სიტყვით „საზოგადოებასთან კავშირს’“ ნიშნავს.
პიარი, როგორც ადამიანის საქმიანობსი განსაკუთრებული
სფერო, ჩამოყალიბდა აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში XX საუკუნის მეორე ნახევარში. პიარი რეკლამის
სახესხვაობაა, მაგრამ დახვეწილი რეკლამისა, რომელიც ემყარება უკანასკნელ აღმოჩენებს
სოციალური ფსიქოლოგიისა და ნეიროლინგვისტური პროგრამირების სფეროში, ასევე საზოგადოებრივი
ცნობიერების მანიპულირების ათასწლოვან გამოცდილებას.
ეკონომიკის სფეროში „საზოგადაოებასთან კავშირის“ (პიარის) მეთოდმა
ბრწყინვალედ იმუშავა და მაშინ მისი გამოყენება პოლიტიკოსებმაც გადაწყვიტეს.
სწორედ აშშ-ში დაამუშავეს პიარ-პოლიტიკის სქემა: ტრადიციულ
იდეოლოგიებს (მემარჯვენეობას, მემარცხენეობას, ცენტრისტობას) თანამედროვე მსოფლიოში
ნაკლები ფასი აქვს, მთავარია - რაც შეიძლება მეტი დაჟინებით გავიტანოთ პოპულისტური
(ხალხისათვის სასიამოვნო) ფასეულობები ნებისმიერი მისაწვდომი მეთოდით. ამერიკულ ჟურნალ
„ფორჩუნის“ მონაცემებით, პიარი შედის მსოფლიო ეკონომიკის 20 ყველაზე სწრაფად განვითარებად
დარგში. ხელისუფლებასა და პიარის სპეციალისტებს შორის ახლო ურთიერთობანი არსებობს
მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში. აშშ-ში ყველაზე მეტი ადამიანის დასაქმებას „ფაბლიკ
რილეიშენზის“ სფეროში ფედერალური მთავრობა ახორციელებს.
მსოფლიოში არ არსებულა
სისტემა, რომელსაც შეძლებია ნამდვილად თავისუფალი და პატიოსანი, გაუყალბებელი არჩევნები
ჩაეტარებინა. გამონაკლისი არც დემოკრატიული სისტემის პირობებში არის. პირიქითაც ხდება,
სწორედ დემოკრატიის ქვეყნებში (აშშ, დასავლეთ ევროპა და სხვ.) დაიწყეს თეთრი და განსაკუთრებით
შავი (ანდა ნაცრისფერი) საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება.
დღეს დღეობით მსფლიოს წამყვან ქვეყნებში ორი სახის საარჩევნო
ტექნოლოგიები გამოიყენება - „თეთრი“ და
„შავი“ საარჩევნო ტექნოლოგიები. „თეთრი“ ტექნოლოგიების გამოყენების დროს
კანდიდატები მოქმედებენ არსებული კანონმდებლობის და საზოგადოებაში მიღებული ზნეობრივ
- ეთიკური ნორმების ფარგლებში.
ამ ტექნოლოგიის ფარგლებში კანდიდატი აჩაღებს მჩქეფარე მოღვაზეობას
ამომრჩეველთა სრულმაშტაბიანი „გაბრუებისათვის“. ამასთან ის უმტკიცებს უბრალო
ხალხს, რომ მათ ბედნიერებასა და კარგ ცხოვრებას მოუტანს. დემოკრატიის პირობებში
არავინ ითხოვს, თუ რამდენად შეესაბამება ესა თუ ის კანდიდატი მისთვის წაყენებულ
მოთხოვნებს ან რა სასარგებლო გაუკეთებია მას საერთოდ ცხოვრებაში. მიზნის მისაღწევად
კანდიდატმა კარგად უნდა ისწავლოს დახვეწილი ხერხებით ხალხის მოტყუება, უნდა ისწავლოს
უბრალო ხალხის „სიყვარული“ და მათზე „ზრუნვა“, თანაც ისე, რომ თავისთვის რაც შეიძლება
მეტი სიკეთე დაიტოვოს.
„შავი პიარის“ დროს კადიდატები თავის გუნდთან ერთად იყენებენ
ისეთ ფორმებსა და მეთოდებს მეტოქის დასამარცხებლად ან მის ჩამოსაშორებლად, რომელიც
აშკარად ცდება საზოგადოებაში მიღებულ ზნეობრივ-ეთიკურ
ნორმებს და ახლოსაა სისხლისა და სამოქალაქო სამართლის დარღვევის ზღვართან. არც ერთ
დემოკრატიულ ქვეყანაში წარმატება არ მოაქვს მხოლოდ „თეთრ“ საარჩევნო ტექნოლოგიებს,
სამწუხაროდ, გამარჯვების მისაღწევად სულ უფრო ხშირად იყენებენ „შავ პიარს“.
ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება ხელისუფლების ჩარევა საარჩევნო პროცესებში რის გამოც
ღირსეულ კანდიდატთა უმრავლესობა უფულობის გამო უღირსებთან მარცხდება.
„თეთრი“ საარჩევნო ტექნოლოგიები
საარჩევნო კამპანიის
დროს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება პრესას და ტელევიზიას, ამიტომაც
მათ ხშირად მასობრივი პროპაგანდის საშუალებებსაც უწოდებენ.
ცენტრალური პრესა და ტელევიზია „როგორც წესი“, მაგნატების და
ოლიგარქების ხელშია და უბრალო, უფულო ადამიანებს მათზე ხელი არ მიუწვდებათ.
პრესისა და სატელევიზიო რეკლამისა და მასალების დაბეჭვდვის შემდეგ
გუშინდელი „მოჩალიჩე“ კანდიდატი ერის თუ არა რეგიონის ან რაიონის მზვრუნველ „მამად“
მოგვევლინება სოციალური ფსიქოლოგებისა და იმიჯმეიკერების წყალობით. მათ კანდიდატის
პიროვნება თავიდანვე დადებით ასპექტში უნდა წარმოადგინონ, რათა იგი ამომრჩევლებში უარყოფით
ემოციას არ იწვევდეს. კანდიდატის წარდგენის დროს გამოიყენება მხოლოდ „თეთრი“ ტექნოლოგიები
- ამისათვის გამიყენება პუბლიკისათვის ცნობილი ადამიანები - მეცნიერები, ხელოვნებისა
და კულტურის წარმომადგენელბი, გავლენიანი ფიგურები, ბიზნესმენბი. მასობრივი ინფორმაციის
საშუალებებით კანდიდატის წარდგენის წარმოჩენის ძირითადი ხერხები შემდეგია.
1. კანდიდატის მონაწილეობა სატელევიზიო ანალიტიკურ პროგრამაში
„საკითხის“ დასმით და მისი გადაწყვეტის გზების ჩვენებით.
2. მოკლე ინტერვიუ ახალი ამბების პროგრამისათვის ამა თუ იმ პრობლემის
შესახებ.
3. პრესკონფერენცია ჟურნალისტებისათვის, რომელიც შემდგომ ფართოდ
გაშუქდება მასმედიაში.
4. ცნობილი ადამიანების კომენტარი კანდიდატის გამოსვლაზე ამ
და სხვა პროგრამებით.
5. პუბლიკაციები კანდიდატის შესახებ და „გამოხმაურებანი“ მათ
გამოსვლაზე და პროგრამაზე.
რაც უფრო დაუჯერებელი
და თავხედურია ტყუილი კანდიდატისა და მისი დაპირებების შესასხებ, მით უფრო იჯერებს
ხალხი მას. ტყუილი გამიზნულია ყველა სოციალური წრისა და ჯგუფისათვის: პენსიონერებს
და სტუდენტებს პირდებიან, რომ მოუმატებენ პენსიებს და სტიპენდიას (თუმცა ძველიც კი
არ გაუციათ ჯერ), დიასახლისებს ატყუებენ რომ ძალზე ზრუნავენ მეუღლეზე და ეხმარებიან
შინ მას, უმუშევრებს პირდებიან, რომ შექმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და დაუნიშნავენ
უმუშევართა დახმარებას, მანქანის მფლობელებს პირდებიან, რომ შეამცირებენ ბენზინის ფასს,
ხალხს პირდებიან, რომ სახელმწიფო ქონების დამტაცებლებს და კორუმპირებულებს უკან დააბრუნებინებენ
მოპარულ ფულებს და ციხეში გამოამწყვდევენ, მეანაბრეებს პირდებიან, რომ ნელ-ნელა დაუბრუნებენ
დაკარგულ თანხებს, პროფესორ-მასწავლებლებს ხელფასის მომატებას, პოლიციას და არმიას
ასევე ხელფასების მომატებას და მდგომარეობსი გაუმჯობესებას, ყველას პირდებიან ნამდვილი,
შედეგიანი რეფორმების გატარებას, უფასო სამედიცინო მომსახურებას და ა.შ.
ამომრჩეველთა მოსატყუებლად (და გასატუტუცებლად) ეფექტიანი საშუალებაა
მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება პრესით და ტელევიზიით.
შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში წამყვანი მასმედიის საშუალებები უმალ დაარწმუნებნ
ხალხს, რომ კანდიდატს ყოველ კვირეულად მზარდი მაღალი რეიტინგი აქვს. საარჩევნო კამპანიის
პროცესში ამომრჩეველმა კანდიდატისგან ერთი ცუდი სიტყვაც კი არ გაიგოს თავის კონკურენტებზე
- ამას მისი გუნდის წევრები ჩუმად, ანონიმურად გააკეთებემნ. ამომრჩეველმა უნდა გაიგოს
და დაიჯეროს, რომ მხოლოდ თქვენ გახდით მას ბედნიერს და კმაყოფილს. ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს
სააგიტაციო პლაკატები, ფურცლები, „ბილბორდები“, რომლებიც რაც შეიძლება თვალსაჩნო ადგილზე
უნდა გამოიკრას. იგივე მეორდება ამომრჩევლებთან მოწყობილ შეხვედრებზე, სადაც კანდიდატს
წარადგენენ როგორც კარგ მეოჯახეს, ერის კაცს, კომპეტენტურ და თავდადებულ პიროვნებას,
რჩეულ ადამიანს.
„შავი
პიარის“ სტრატეგია და ტაქტიკა
„შავი პიარის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტაქტიკას წარმოადგენს სასამართლოსა
და პროკურატურის გამოყენება დასახული მიზნის მისაღწევად, მეტოქის გასანეიტრალებლად
(სხვათაშორის აშშ-ის ბოლო პრეზიდენტის ვინაობა გაირკვა სასამართლოს და არა ელექტორატის
საშუალებით, სადაც ჯორჯ ბუშმა (უმცროსმა) სულ რამდენიმე ათეული ხმით აჯობა მეტოქეს).
ასევე ძალზე მნიშვნელოვანია „კომპრომატების“ შეგროვება მეტოქეებზე და მისი ხალხში გავრცელება.
ხშირად კომპრომატს თან ახლავს შანტაჟის გამოყენება კონკურენტებზე, რომ თუ ისინი
არ მოხსნიან კანდიდატურებს, ეს კომპრომატები გამოქვეყნდება პრესაში.
კონკურენტებზე ზეგავლენის მოსახდენად ხშირად გამოიყენება ფინანსური
ბერკეტები. თუ თქვენი კონკურენტი სახელმწიფო ჩინოვნიკია, შეიძლება თქვენ ან თქვენი
გუნდის წევრები მოულოდნელად შეამოწმონ საგადასახადო
სამსახურმა და პოლიციამ, სახანძრო და სანეპიდსადგურებმა და თუ არ დათანხმდით, დიდი
ჯარიმები დაგაკისრონ, ან სასამართლოს გადაქცენ, რაც კანდიდატის დეზორიენტაციას და
„გასვრას“ იწვევს. ზემოქმედების ერთ-ერთი ფორმა თავად კანდიდატის ან მისი საარჩევნო
კამპანიის თავჯდომარის მოსყიდვაა, რომელიც ფლობს ყველა ინფორმაციას თავის „შეფზე“.
შემდეგი ხერხია თავად ამომრჩევლის მოსყიდვა ფულით, პროდუქტებით,
ჰუმანიტარული დახმარების საქონლით, მედიკამენტებით, სუფრების მოწყობით. ამომრჩევლებზე
ზეგავლენის ერთ-ერთი ხერხია არმიასა და პოლიციის ნაწილების ხელმძღვანელთა „გადაბირება“
(მოსყიდვა), რათა მათ უბრძანონ ხელქვეითებს კონკრეტული კანდიდატისათვის ხმების მიცემა.
„შავი პიარის“ ერთ-ერთი შემადგენელი ტაქტიკაა საარჩევნო კომისიის
წევრთა მოსყიდვა, მეტოქეებისათვის წინასწარ მოფიქრებული სცენარით მძიმე და არაკაცური
დარტყმების მიყენება, ჭორებისა და ცრუ ინფორმაციების გავრცელება, კონკურენტების ერთმანეთზე
წასისიანება, მათი ყურადღების შგნებულად მოდუნება, კონკურენტებთან ჯერ შეთანხმება,
მერე კი მათი მოტყუება („გადაგდება“), კონკურენტების პლაკატებზე დაქირავებული
ჯგუფის მიერ საღებავის გადასხმა ან ცუდი სიტყვების დაწერა, აგენტების შეგზავნა კონკურენტების
საარჩევნო შტაბში ინფორმაციის მისაღებად, ყალბი ბიულეტენების დაბეჭდვა, ე.წ. „კარუსელების“
მოწყობა, როცა რამდენიმე ასეული ადამიანი სხვადასხვა უბნებში აძლევს ხმას რამდენჯერმე,
საარჩევნო სიების გაყალბება, საარჩევნო ბარათების არდარიგება ამომრჩევლებისათვის, მიცვალებულთა
შეტანა საარჩევნო სიებში, საარჩევნო ყუთებში წინასწარ ბიულეტენების ჩაყრა (ან დათვლის
პროცესში სინათლის გამორთვა), საარჩევნო ყუთების გატაცება, ოქმების ფალსიფიკაცია ცენტრალურ
საარჩევნო კომისიებში, ჩხუბებისა და დებოშების ორგანიზება საარჩევნო უბნებში, ფარული
აგიტაცია არჩევნების დღეს და ა.შ.
„შავი პიარის“ ერთ-ერთი ტაქტიკაა ამომრჩევლებში არჩევნებისადმი
ზიზღისა და უიმედობის ჩანერგვა (რომ მისვლას აზრი არა აქვს, რომ ყველაფერი უკვე
წინასწარ ცნობილია, რომ მაინც „ის“ გაიმარჯვებს, ან „გადახაზეთ ყველა“ და ხმა არ მისცეთ
არავის). რაც ნაკლები ხალხი მოვა არჩევნებზე, მით მეტია მისი გაყალბების შანსი. ხშირად
გამოიყენება ამომრჩეველთა დაშინება, რომ „იმ“ ძალის გამარჯვების შემთხვევაში
დაიწყება ანარქია, დაპირისპირება, დაკარგავენ სამუშაოს „შავი პიარის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
სტრატეგიაა „საჭიროა თავი მოაჩვენო და არა
- იყო“, „დარჩე ხელისუფლებაში ნებისმიერი საშუალებით“ და ა.შ. რაც ამორალური და არაკანონიერია.
No comments:
Post a Comment