Monday, October 3, 2016

კლენტელიზმი და ინსტიტუციონალიზმი






კლიენტელიზმი და ინსტიტუციონალიზმი
      რა არის კლიენტელიზმი. კლიენტილიზმი წარმოადგენს სოციალურ და პოლიტიკურ ფენომენთა ერთობლიობას, რომელიც ემყარება არასიმეტრიული ურთიერთობების ფორმის მქონე ორმხრივი გაცვლის მექანიზმებს პატრონსა და კლიენტს შორის.
            ეს მოვლენა არ/ან სუსტად ინსტიტუციონალიზებული საზოგადოებიდან იღებს სათავეს და აქედან გამომდინარე, უპირისპირდება თვით ინსტიტუციონალიზმის არსს.
            კლასიკური სახით კლიენტელიზმი ძველ რომში გვხვდება, თვით ტერმინიც პირველად აქ იხსენიება. ქალაქ-რესპუბლიკური (დემოკრატიული) სისტემის კრიზისმა რომის რესპუბლიკის არსებობის ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი იმპერიის ეპოქაში, რომში მოქალაქეობის უფლების მქონე დეკლასირებული ელემენტებისაგან შემდგარი სოციალური ფენა შექმნა. ამ ადამიანებს საარჩევნო ხმის გარდა აღარაფერი ებადათ და, ბუნებრივია, ეს უკანასკნელი არსებობის ერთადერთ წყაროდ აქციეს.
            რომაულმა არისტოკრატიამ და პლიტოკრატიამ კარდაგ ისარგებლა ამ სიტუაციით და საფუძველი დაედო მოქალაქე-ამომრჩეველთა მასობრივი მოსყიდვის პროცესს. მიზერული კომპენსაციის (ყოველდღიური სადილები, გართობა, იაფფასიანი საჩუქრები) სანაცვლოდ მათ მიიღეს საარჩევნო ხმების გარანტირებული მინიმუმი სახელმწიფოს არჩევითი თანამდებობების დასაკავებლად. კლიენტელიზმი მხოლოდ ეკონომიკურ საფუძველს არ ემყარებოდა. პოლიტიკური ანარქია და არასტაბილური სიტუაცია აიძულებდა სხვადასხვა სოციალურ საფეხურზე მყოფ მოქალაქეებს, ეძებნათ ძლიერი მფარველი. ამრიგად, ადგილი ჰქონდა ორმხრივ დაინტერესებას - პოტენციური კლიენტი ეძებდა დამცველს, ხოლო პოტენციური პატრონი - კლიენტთა მასას, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, თანადგომას გაუწევდა მას თავისი მიზნების განხორციელების გზაზე.
კლიენტელიზმის დევიზია
დამოკიდებულება   და   სოლიდარობა
           
            ფეოდალიზმმა პატრონ-კლიენტელური ურთიერთობების ინსტიტუციონალიზება მოახდინა. ფეოდალური ვასალიტეტი სწორედ კლიენტელიზმის ძირითად პრინციპებს ეფუძნებოდა.
დასავლური, ქალაქურ-ბურჟუაზიული დემოკრატიის  წარმოშობამ კლიენტელური ურთიერთობების ახალი ფორმა დაამკვიდრა. გაჩნდა კოლექტიური პატრონი (ქალაქი, ამქარი და ა.შ.) და კოლექტიური კლიენტი (მოქალაქეები, ხელოსნები და სხვ.)
            ამავე დროს, ბურჟუაზიული ურთიერთობების დამკვიდრებისა და გაძლიერების პირობებში კლიეტელურ ურთიერთობებს ნაკლებად მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა. ევროპის ბურჟუაზიულმა რევოლუციებმა და კონსტიტუციური სახელმწიფოების წარმოშობამ მართლაც დიდი როლი ითამაშეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აღნიშნულ ურთიერთობათა გავლენის შემცირების საქმეში.
            თანამედროვე ინსტიტუციონალიზებული, სამართლებრივი სახელმწიფო თავის თავზე იღებს მოქალაქეთათვის იმ მფარველობით ფუნქციებს, რომლებიც კლიენტელურ ურთიერთობათა  პირობებში პატრონებს ეკისრებოდათ. გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ ახლა თვით სახელმწიფო გამოდის პატრონის როლში, ხოლო ქვეყნის მოქალაქენი, სახელმწიფოს წინაშე თავისი უფლებებითა და მოვალეობებით, კოლექტიურ კლიენტს წარმოადგენენ. ამან ჩასახა იმედი, რომ კლიენტელური ურთიერთობები ამოწურავდა თავის თავს და შესაძლებლობებს.
            მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა. დღეს უკვე გაქრა იმის ილუზია, რომ XX  საუკუნის ინდუსტრიული საზოგადოება ვერ იგუებდა კლიენტელიზმს.
            მოხდა პრიმიტიული ბოსიზმის გადაზრდა ლობიზმში, ანუ ძველი დროის საკრალური კლიენტელური ურთიერთობები შეიცვალა ახალი დროის, მატერიალიზებული და ფორმალიზებული კლიენტელური ურთიერთობებით ანუ სახლემწიფოებრივ დონეზე ასული კლიეტელური ურთიერთობებით.
            თანამედროვე ბიუროკრატია, სახელმწიფო კლიენტელიზმის უმთავრესი საყრდენი, დღესაც ქმნის მეორად კლანებს, რომელთა საფუძველიც არა „ოჯახისადმი“ გენეტიკური კუთვნილებაა, არამედ პატრონისადმი ნებაყოფლობითი მორჩილება. უკვე ნათელია, რომ კლიენტელიზმი თანამედროვე ბიუროკრატიის ხვედრია  და არსებობას განაგრძობს როგორც გავნითარებად, ასევე განვითარებულ ქვეყნებშიც.
            კლიენტელური ურთიერთობების ფორმებია:

1.      ადგილობრივი პიროვნებათშორისი:

2.      პატრონი-შუამავალი-კლიენტი;

3.      ორგანიზაციული შუამავლობა.
თანამედროვე კლიეტელური ურთიერთობები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წარსულის უბრალო გადმონაშთად ჩაითვალოს. ნეოპატრიმონიალიზმი,  რაც ჟ.ფ. მედარმა პირველად უგანდაში დააფიქსირა და შემდეგ აფრიკის მთელი კონტინენტის საზოგადოებრივ ურთიერთობათა დამახასიათებელ მოვლენად მიიჩნია, მომდინარეობს არა მარტო ტრადიციებიდან, არამედ ახალი რეალიებიდანაც ( ე.ი. გარკვეულწილად ჰიბრიდულია). ამავე დროს იგი სცდება აფრიკის საზღვრებს და მეტნაკლებად მთელ მსოფლიოშია გავრცელებული სამივე ნახსენები ფორმით.      
     კლიენტელიზმის საფუძველი. თანამედროვე კლიენტელიზმის საფუძველს რესურსთა სიმცირე (ისევე, როგორც რომში) და სახელმწიფო აპარატის ხელში მათი კონცენტრაცია ქმნის. არასაკმარისი სუბსიდიების განაწილების პრობლემა ასევე აღელვებს თანამედროვე ბიუროკრატს, როგორც ძველი რომის სოციალურად, ეკონომიკურად და ფიზიკურად დაუცველ მოქალაქეს. ამავე დროს კლიენტელიზმი არა მარტო აუცილებელი და სასურველი რესურსების, არამედ ნდობის მონოპოლიაც არის.
     კლიენტელური ურთიერთობები არბილებს სოციალურ წინააღმდეგობებს და ხელს უშლის საზოგადოების მეტისმეტ მარგინალიზებას. ხდება „ზედმეტი მოსახლეობის“ რაოდენობის ნაწილობრივი შემცირება. თანამედროვე საზოგადოებაში ნარჩუნდება  სამსახურში აყვანის პარიარქალური წესი (ნაცნობობით მიღება), რომელიც ყველგანაა გავრცელებული.
     კლიენტელიზმის ამ დადებითი სოციალური მხარის არსებობა სრულებითაც არ მოასწავებს საზოგადოებრივ ზავს დაპირისპირებულ სოციალურ სტრატებს (ან ფენებს) შორის, ვინაიდან არ მცირდება საზოგადოებისათვის არსებული მარადიული შიდადაპირისპირება „ყველა ყველას წინააღმდეგ“ (ჰობსისეული განმარტებით). ამავე დროს კლიენტელიზმი ატარებს დესპოტიზმის ნიშნებსაც. მაგალითად შეიძლება აღებულ იქნას „ტრადიციული“ ქართული საოჯახო კლანების იერარქიული, ე.წ „დონების“ სისტემა, სადაც საზოგადოებრივ ასპარეზზე (ბიზნესი, პოლიტიკა, მეცნიერება და სხვ.) შედარებით წარმატებული პირი ფაქტობრივად წარმართავს თავის, სოციალურ კიბეზე უფრო დაბლა მდგომ, შედარებით „უიღბლო“ ნათესავთა საქმიანობას. ანალოგიური „მფარველობა“ ძალზე ხშირად საკმაოდ ავტოკრატიული მეთოდებით ხორციელდება.
     ზემოთქმულიდან გამომდინარე, კლიენტელიზმი  თავისსავე საწყისში  არაჰუმანურია.
     მეორე პრობლემას, რასაც ნათესაური, ნეპოტისტური კლიენტელიზმი ქმნის, წარმოადგენს „უცხოთა“ (არანათესავთა) დისკრიმინაცია გლობალურ (მაგ: ბიზნესი, პოლიტიკა და სხვ.) საკითხებშიც და ყოველდღიურ ცხოვრებისეულ წვრილმანებშიც (მაგ: სამსახურში მიღება ნათესაური პრინციპის მიხედვით).
     კლიენტელიზმის უმთავრესი თანმდევი მოვლენაა კორუფცია. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის მომენტისათვის (1801 წ.) ქართული საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ შუასაუკუნეობრივი მენტალიტეტი იყო დამახასიათებელი. ქართველ თერგდალეულათა მცდელობა, პოლიტიკურად დაქუცმაცებულ და ეკონომიკურად მოშლილ ქვეყანაში ევროპული აზროვნების წესი დაემკვიდრებინათ, მნიშვნელოვანი შედეგი არ გამოუღია. უცხო ქვეყნის ადმინისტრირების ძალდატანებითმა შემოღებამ და ტრადიციული სამართლებრივი ინსტიტუტების გაუქმებამ საზოგადოებრივი ნიჰილიზმის წარმოქმნა-გაძლიერებას შეუწყო ხელი, რასაც მნიშვნელოვნად აძლიერებდა თვით რუსული საზოგადოების ტოტალური უნდობლობა საკუთარი სახელმწიფოებრიობის მიმართ.
     ბიუროკრატიული  აპარატის გაძლიერება, საზოგადოებრივი ნდობის შემცირების ფონზე, იქცა კლიენტელური ურთიერთობების  გაძლიერების მიზეზად. საქართველოში ამ ტენდენციამ თავი უკვე XIX  საუკუნის ბოლოდან იჩინა და განსაკუთრებით გაძლიერდა სოციალიზმის ხანაში, როცა ყოფილ საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა დატაცების იერარქიული სისტემა და გაძლიერდა შუამავლობის ინსტიტუტი (ე.წ. „მოლარეები“). საბჭოთა სისტემის კლიენტელიზმისათვის მთავარი იყო არა წარმოშობა, ფინანსური ან გონებრივი შესაძლებლობები, არამედ ნომეკლატურის წევრობა.
მიუხედავად იმისა რომ საქართველომ მოიპოვა თაობათა ნანატრი დამოუკიდებლობა, საზოგადოება მაინც უკმაყოფილოა - მაინც ვერ მივიღეთ ის, რაც გვინდოდა.
XIX საუკუნის დასაწყისისათვის საქართველოსათვის საკმაოდ მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ჩვენ დიდად ჩამოვრჩებით იმ „დასავლეთს“ რომლის განუყოფელ და ორგანულ ნაწილადაც მიგვაჩნდა თავი. გაირკვა, რომ სახელმწიფოებრიობა  სტატიური მდგომარეობა, ან მით უფრო, ერთჯერადი აქტი არ არის და რომ საჭიროა მუდმივი მუშაობა, რათა მაქსიმალურად იქნას დაკმაყოფილებული ქვეყნის მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესები. საქმე იმაშია, რომ დემოკრატიულ და ლიბერალურ ღირებულებებზე ორიენტირებულ საზოგადოებად ტრანსფორმაციის (გადასვლის) პერიოდი პოსტკომუნისტური საზოგადოებისათვის მეტად გაძნელდა. ნათელი გახდა, რომ დღევანდელ საზოგადოებას არ გააჩნია არათუ გამოკვეთილი ნება, არამედ არც სახელმწიფოებრივი მართვის გამოცდილება. ყოველივე ამას თან ერთვის სახელმწიფო სტრუქუტრების უუნარობა,როგორმე გადაწყვიტონ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მთელი კომპლექსი.
ფაქტიურად, ერთადერთ გზას, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი თავისი უარყოფითი დამოკიდებულება შეუძლია გამოხატოს, კანონთა უპატივცემულობა წარმოადგენს, ანუ კანონებისათვის გვერდის ავლა. საქართველოში სახეზეა ანთროპოლოგიური კრიზისის (მერაბ მამარდაშვილისეული განსაზღვრა) გამოვლინება. საქართველოს მოსახლება ან არ ცნობს ქართულ სახელმწიფოებრიობას და მის მესვეურთ, ან მტრულად არის განწყობილი. ამავე დროს, რიგითი მოქალაქე ცდილობს, იდნივიდუალურად გამონახოს საერთო ენა ნომეკლატურული ელიტის ცალკეულ წარმომადგენლებთან და ამ გზით მიაღწიოს თუნდაც მიზერული უზრუნველყოფის დონეს. სწორედ ამ გარემოებით უნდა აიხსნას სოციალური ენერგიის ეკონომიურობა და გარკვეულ ეტაპამდე ძლიერი სოციალური კატაკლიზმების (ამბოხება, რევოლუცია) არსებობა მძიმე სოციალ-ეკონომიკური კრიზისის პირობებში. ამ შემთხვევაში კლიენტელური ურთიერთობები სოციალური სტაბილურობის გარანტად გვევლინება. 1995 წლიდან იწყება ე.წ. სტაბილიზაციის ხანა, როცა ნომეკლატურა სრულად დაეუფლა სიტუაციას და არსებული ვითარების შენარჩუნებაზე ზრუნვას. დღეისათვის როგორც  ეკონომიკის ამოქმედების მცდელობა, ისე ეროვნული ბურჟუაზიის  წარმოშობა-გავნითარების პროცესი კლიენტელურ ურთიერთობათა ფონზე მიმდინარეობს. ამ ურთიერთობათა გარეშე (ე.წ. „კრიშების“ სისტემა ანუ „ქოლგები“)  მეტად რთულდება სამეწარმეო საქმიანობა. კლიენტელური ურთიერთობები აღწევს არა მარტო სოციალური ურთიერთობებში, არამედ ეკონომიკის სისტემაშიც. საშუალო და მსხვილი ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი უკვე აქტიურად იწყებს პოლიტიკაში ჩარევას, რათა ბიუროკრატიასთან ბრძოლაში შეძლოს არა მარტო ეკონომიკური, არამედ არსებობის უფლების დაცვა. არ არის გასაკვირი, რომ ქართველ ნუვორიშთა აბსოლიტურ უმრავლესობას პოლიტიკური ელიტისა და სახელმწიფო აპარატის ყოფილი და ამჟამინდელი  ფუნქციონერები (ბიუროკრატიული ბურჟუაზია) ქმნიან. ამ კორუმპირებული ბურჟუაზიის არსებობა კიდევ უფრო ზრდის ერთი პიროვნების მეორეზე დამოკიდებულებისა და მფარველობის ხარისხს.
ტრაიბალიზმი და ნეპოტიზმი.  ტრაიბალიზმი და ნეპოტიზმი პატრიმონული ურთიერთობის სახეობებია და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (მათ შორის, უპირველესად საქართველოში) პოლიტიკური ელიტის ქცევათა ნორმების განუყოფელ ნაწილს შეადგენს.
ტრაიბალიზმი  გამოიხატება კუთხურობაში და მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებზე ლიდერის (პრეზიდენტის) კუთხის წარმომადგენელთა დანიშვნაში. მაგ: საქართველოს ერთ-ერთი კუთხის მოსახლეობა მთელი საქართველოს მოსახლეობის 3%-ზე ნაკლებია, მაგრამ მათ უჭირავთ აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობათა 40%-ზე მეტი. ნეპოტიზმი გამოიხატება ლიდერის (მმართველის) უახლოესი ნათესაობის დანიშვნაში დიდ თანამდებობებზე, რაც საგრძნობია საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონალურ დონეზე.
გარეგნული ძლიერების მიუხედავად, მცირდება პოლიტიკურ ლიდერთა შანსი, თავის გავლენას დაუქვემდებარონ კლანური დაჯგუფებები. ისინი არათუ ძველებურად ვეღარ მართავენ კადრებს, არამედ ამ კადრეზე (ბიუროკრატიულ კლანებზე) ხდებიან დამოკიდებულნი. ამავე დროს, კლიენტის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობად პატრონის თანამდებობრივი დაწიანურება ხდება. ასე ყალიბდება ორმხირივი დაინტერესების საფუძველზე წარმოქმნილი ურთიერთობის ფორმა-კლიენტელიზმი კლასიკური ფორმით.
სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში ფორმალური ინსტიტუტებისა და საკანონმდებლო ბაზის დომინირების ნაცვლად ქცევის ნორმათა განმსაზღვრელი ხდება არაფორმალურ ურთიერთობათა ჩამოყალიბებული სისტემა და მისი უძლიერესი მექანიზმი - კორუფცია. სწორედ კორუფციის მეტნაკლებად აღმოფხვრასთანაა დაკავშირებული კლიენტელიზმის წინააღმდეგ შედეგიანი ბრძოლაც.
                                         ძირითადი ტერმინები:
1.      კლიენტელიზმი

2.      კორუფცია

3.      „ქოლგა“ („კრიშა“)

4.      ტრაიბალიზმი

5.      ნეპოტიზმი


No comments:

Post a Comment