Monday, October 3, 2016

ღირსება


















ღირსება
ღირსება ერთ-ერთი ძირითადი ეთიკური კატეგორიაა. როგორც სიტყვაც მიგვანიშნებს, ის დაკავშირებულია „ღირებულების“ ცნებასთან და გულისხმობს ისეთ ზნეობრივ მოქმედებას, რომელსაც რაიმე დადებითი მნიშვნელობა და ღირებულება აქვს. ის ასევე ფასდება, როგორც მოქმედი პირვნების, ისე საზოგადოების მიერ. ეს ცნება იძენს უაღრესად ფართო მნიშვნელობის მცნებასთან და გულისხმობს ისეთ ზნეობრივ მოქმედებას, რომელსაც რაიმე დადებითი მნიშვნელობა და ღირებულება აქვს. ის ასევე ფასდება, როგორც მოქმედი პიროვნების, ისე საზოგადოების მიერ. ეს ცნება იძენს უაღრესად ფართო მნიშვნელობას და ვრცელდება ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე. მაგრამ საჭიროა მისი უფრო ზუსტი განსაზღვრა და ზღვარის გავლება ღირსებასა და სხვა ზნეობრივ მოქმედებას შორის.
ღირსეული ზნეობრივი მოქმედება ეწოდება ისეთ მოქმედებას, რომლის შესრულება დაკავშირებულია რაიმე სირთულესთა, დაბრკოლებასთან, სიძნელესთა და მოითხოვს ადამიანის ნებისყოფის, მისი სულიერი და ფიზიკური ძალების დაძაბვას. აი, ასეთ შემთხვევაზე ამბობენ „რომ  მას ღირსეულად ეჭირა თავი“, ხოლო თუ ასეთი მოქმედება ადამიანს ხშირად განუმეორებია, მას ღირსეულ ადმიანს უწოდებენ.
მაშასადამე, ადამიანი იცავს ღირსებას, ანუ რჩება ღირსეულად, როცა ის მძიმე პირობებშიაც კი არ სჩადის რაიმე უზნეო მოქმედებას. ამიტომ, ჩვეულებრივ ზნეობრივ ადამიანს, სამართლიანს, პატიოსანს ჯერ კიდევ არ უწოდებენ ღირსეულს, არამედ იმას, ვინც დადებითი ადამიანური თვისებები გამოავლინა მძიმე, დაძაბულ პირობებში, არ დაეშვა ქურდის, რეციდივისტის, მოღალატის, მკვლელის დონეზე და შესძლო ბოლომდე შეენარჩუნებინა დადებითი, ზნეობრივი ადამიანის თვისებები.
ვინაა ღირსეული, ის, ვინც გემის დაღუპვისას თავის გადასარჩენად სუსტ ადამიანს ხელიდან გამოჰგლეჯს საცურავ მოწყობილობას და გადაეშვება ზღვაში, თუ ის, ვინც საცურავ მოწყობილობას გადასცემს უფრო ახალგაზრდას, რომელსაც სწყურია სიცოცხლე, ვიდრე მას, მოხუცს? ადვილი მისახვედრია, რომ ღირსეულია ეს მეორე ადამიანი. მე კი დავძენდი, რომ ის არა მხოლოდ ღირსეულია, არამედ ამაღლებულიც, რადგან ასეთი თავგანწირვის თვისება გააჩნია არა ყველას, არამედ მხოლოდ ერთეულს, ღირსეულთ.
ღირსეულია ისიც, ვინც გაუძლო მრავალ ტანჯვა-წამებას, მაგრამ არ უღალატა თავის პრინციპებს, თავის მეგობრებს, სამშობლოს, ან საერთოდ დადებით საქმეს და წამოწყებას.
ღირსეულია, ის ვინც ნებისმიერ ტანჯვასა და განსაცდელს უდრტვინველად, წუწუნისა და მოთქმის გარეშე ხვდება.
ღირსეულია კაცი, რომელიც ხედავს სიკვდილის გარდუვალობას, მაგრამ არ ეპოტინება სიცოცხლეს, არ ცდილობს მის შენარჩუნებას, მით უმეტეს, სხვისი დაღუპვის ხარჯზე, არც წუწუნებს და მოსთქვამს, რადგან იცის, რომ ეს არ შველის საქმეს.
ღირსეულია ადამიანი, რომელიც ნებისმიერ მძიმე სიტუაციაში და მით უმეტეს, მთელი ცხოვრების მანძილზე მოქმედებს საზოგადოების საკეთილდღეოდ და სასარგებლოდ.
ცხადია, რომ ღირსებას ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ მოვლენას, აქვს თავისი საწინააღმდეგო, მოპირდაპირე მხარე უღირსი მოქმედებისა და უღირსი ადამიანის სახით. მას არ ყოფნის ნებისყოფა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს შექმნილ მძიმე მდგომარეობას და არ დაეშვას რაიმე მდაბალ,  უზნეო მოქმედებამდე. ყველასათვის ცნობილია, თუ რომელ მდაბალ თუ უზნოე მოქმედებაზეა აქ ლაპარაკი: ესაა ქურდობა, ძარცვა, რეციდივიზმი, მკვლელობა, ღალატი, გაცემა, ჭეშმარიტი პრინციპების უარყოფა, კორუფცია, ხელისუფლების ბოროტად გამოყენება და სხვა.
არიან მეცნიერნი, რომელნიც ღირსების ცნებას თავისუფლების ცნებასთან აიგივებენ: „ცხადია, ადამიანის ღირსება მისი თავისუფლება და განუმეორებლობაა“.
ამის შესახებ უნდა შევნიშნო, რომ თავისუფლება ისევე, როგორც ნებისმიერი დადებითი ეთიკური თვისება, ხელს უწყობს ღირსების გამოვლენას და შენარჩუნებას სავსებით შესაძლებელია, რომ ის თავისუფლებაშიც გამოვლინდეს. როგორც აღვნიშნეთ, ღირსება ვლინდება სიკეთეშიც, თავგანწირვაშიც, სამართლიანობაში და მრავალ სხვა ზნეობრივ მოქმედებაში. მაგრამ არა მხოლოდ თავისუფლებაში.
როგორც ვხედავთ, ღირსეული ადამიანები განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოვებული ადამიანები არიან და ისინი როგორღაც მაღლდებიან ჩვეულებრივი ადამიანის დონეზე.
მაგრამ ადამიანის ღირსებას, როგორც მის სხვა თვისებებს, სჭირდება დანახვა და სწორი შეფასება საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ. ადამიანის ღირსების როგორც გადაჭარბებულ შეფასებას, ისე დაუმსახურებელ უარყოფას საზოგადოებისათვის მრავალი უარყოფითი შედეგი მოსდევს. ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ ვთქვით და აქ განმეორებას აღარ შევუდგებით.
ადამიანის ღირსების გადაჭარბებულ დაუმსახურებელ შეფასებას ჩვენ ვხვდებით ყალბი ავტორიტეტების შემთხვევაში. მრავალი ყალბი ავტორიტეტი შექმნა ასეთმა ყალბმა გადაჭარბებულმა და დაუმსახურებელმა ხოტბა-დიდებამ. და პირიქით, რამდენი ჭეშმარიტად ღირსეული  ადამიანი გაჰქრა უკვალოდ მისი ჭეშმარიტი ღირსების არასწორი შეფასების გამო.
როგორც არაერთხელ გვითქვამს, ამ არასწორ შეფასებას ეწევიან თვით ცალკეული პიროვნებები, რომლებიც ან ზედმეტად ღირსეულად თვლიან თავის თავს, ან პირიქით, ნაკლებ ღირსეულად. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ტრაბახა, მკვეხარა, ყოყლოჩინა ადამიანებთან. მეორე შემთხვევაში სუსტ, უნებისყოფო, დაჩაგრულ ადამიანებთან. ორივე ეს შემთხვევა, ცხადია, უარსაყოფია.
მხოლოდ ჭეშმარიტად ზუსტი შეფასება ადამიანისა, როგორც საზოგადოების, ისე პიროვნების მიერ, წინ სწევს საზოგადოებას და ხელს უწყობს მის კეთილდღეობას-ბედნიერებას.


No comments:

Post a Comment